სახელწოდება „კატარები“ (ხშირად „კათარები“) ეტიმოლოგიურად წარმოსდგება ბერძნული სიტყვისგან „katharoi” , ითარგმნება როგორც „სპეტაკნი“[6]. მათი არსებობა საზოგადოების ფართო მასებისთვის არაა ცნობილი.ვფიქრობ, ეს გამოწვეული უნდა იყოს ამ ერეტიკული სექტის, თუ საიდუმლო გაერთიანების, ხანმოკლე არსებობით. ასევე კათოლიკური ეკლესიის მცდელობით,გაენადგურებინა ყველა განსხვავებული აზრი რელიგიასთან დაკავშირებით და შეენარჩუნებინა საკუთარი ძალაუფლების ურყევობა. მკითხველი გაეცნობა კატარების არსებობის ისტორიას, მათ რწმენა-წარმოდგენებს და დამოკიდებულებას კათოლიკური ეკლესიისადმი.
კატარების ერესი გაჩნდა სამხრეთ საფრანგეთში,ლანგედოკში XI საუკუნეში და შემდეგ სწრაფად გავრცელდა მთელ რეგიონში.მათ გაერთიანებას საოცარი სისწრაფით უერთდებოდა მთელი რიგი პროვინციებისა.მათი სწავლება პოპულარული იყო როგორც ღარიბ ფენებში, ასევე თავადაზნაურობასა და მდიდარ მოსახლეობას შორის. ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, კათარების ერესი იყო პავლიკანური ერესის გაგრძელება, რომელიც აღმოცენდა მცირე აზიაში და სათავე დაუდო ბოგომილების მოძრაობას ბალკანეთზე,რამაც თავის მხრივ ბიძგი მისცა კატარიზმის გაჩენას.
კატარების რაოდენობის სწრაფმა ზრდამ და მათი იდეოლოგიის დიდ მასშტაბზე გავრცელებამ კათოლიკური ეკლესია შეაშინა.აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთი იმ დროისთვის ერთერთი ყველაზე მდიდარი და მჭიდროდ დასახლებული რეგიონი იყო, და კათოლიკური ეკლესიის შემოსავლის ძირითადი წყაროს წარმოადგენდა. ამ წყაროს დაკარგვას კი ეს უკანასკნელი არ შეეგუებოდა[3].
1198 წელს პაპის ტახტზე ასულმა ინოკენტი III-მ თავდაპირველად კატარების დასამორჩილებლად ცივილურ გზებს მიმართა. გარკვეული დროის განმავლობაში ის ლეგატებს უგზავნიდა მოსალაპარაკებლად, რომ დაერწმუნებინა კატარები დაბრუნებულიყვნენ კათოლიკური ეკლესიის წიაღში[3]. გარდა ამისა,ლეგატებს ევალებოდათ გადაებირებინათ ყველა ის ადამიანი ,რომელიც პატივს სცემდა ამ ერესს , ასევე პაპის ავტორიტეტისა და ძალაუფლების გამო განაწყენებული ეპისკოპოსები. პაპის მცდელობა წარმატებას ვერ აღწევდა,ამიტომ 1204 წელს მან წამოიწყო საეკლესიო რეფორმა: მასთან დაპირისპირებულ ეპისკოპოსებს წოდებები ჩამოართვა და მათ ადგილას სხვები დანიშნა[4], ეკლესიიდან განკვეთა ის ფეოდალები, რომლებიც მფარველობდნენ სექტას[3];ამ რეფორმის უმთავრესი ნაწილი კი კათოლიკეებსა და კატარებს შორის დებატები იყო, რომლებიც საჯაროდ იმართებოდა „სრულყოფილთა“ [1] და პაპის ლეგატთა შორის[2][4]. 1208 წელს კატარების მთავარი მფარველი გრაფი რაიმონდ VI ტულუზელი შეხვდა პაპის ლეგატს. შეხვედრა უმნიშვნელო ჩხუბით დასრულდა,მომდევნო დღეს კი პაპის მოციქული მოკლეს. მისი მკვლელობა გახდა ხელსაყრელი საბაბი კატარებზე ძალადობის გასამართლებლად. ინოკენტიმ წამოიწყო ჯვაროსნული ლაშქრობა და ყველას, ვინც მათ ხელში ჩაგდებას მოახერხებდა, შეჰპირდა ეკლესიიდან განკვეთილი თავადაზნაურობისთვის ჩამორთმეულ მიწებს.
სასტიკი ხოცვა-ჟლეტვა მიმდინარეობდა,რომელშიც ნადგურდებოდნენ არა მხოლოდ კატარები, არამედ მეზობლად მცხოვრები კათოლიკეებიც. როდესაც ლაშქრის მეთაურს, აბატ არნო ამორის, აცნობეს ეს ვითარება, მან ბრძანა: „Caedite eos! Novit enim Dominus qui sunt eus“ [2](ხშირად ამ სიტყვებს შეცდომით მიაწერენ პაპს). ომი 1209 წლიდან 1229 წლამდე გაგრძელდა და ისტორიაში შესულია ალბიგოელთა[3] ჯვაროსნული ლაშქრობის სახელით. პაპმა კატარიზმის მთლიანად აღმოფხვრა მაინც ვერ შეძლო.ინკვიზიციას დასჭირდა კიდევ 100 წელი,რომ სრულიად გაენადგურებინა სექტა[3]. ეს კატარების რწმენის ძალამ და მათმა თავდადებამ განაპირობა. თვითონ ინკვიზიტორებიც კი აღიარებდნენ,რომ ისინი ყოველთვის მზად იყვნენ რწმენისათვის მსხვერპლი გაეღოთ[1].
რაც შეეხება კატარების იდეოლოგიას,ისინი ქადაგებდნენ ნეომანიქეისტურ დუალიზმს. მანიქეიზმი მომდინარეობს მისი დამაარსებლის, წინასწარმეტყველი მანის სახელიდან. სწორედ მანის მოძღვრებამ წარმოშვა მსოფლიოში სამი ახალი ერეტიკული მოძრაობა: ალბიგოელობა,კატარობა და ბოგომილობა.როგორც უკვე აღვნიშნე,ეს ერესებიც დუალისტურები იყო, ე.ი. აღიარებდა სამყაროს ორ საწყისს: კეთილსა და ბოროტს,ხოლო დედამიწა მათი ბრძოლის არენას წარმოადგენდა. კატარებისთვის ღმერთი არ იყო უცნაური სამსახოვანი არსება,რომელიც შუა საუკუნეებში გაუთავებელი დებატებისა და საეკლესიო კრებების შედეგად დაადგინეს,მათთვის უფალი ერთსახოვანი იყო, სინათლისა და ბრწყინვალების ღვთაება, რომელსაც თავისი ძე ჯვარზე საწამებლად არ გამოუგზავნია დედამიწაზე; ხოლო ის ღმერთი რომელმაც იესო ჯვარზე სასიკვდილოდ გაიმეტა იყო სატანა. სამყაროს ამ ორი მბრძანებლიდან, ადამიანის სულიერ ბუნებას პირველს მიაკუთვნებდნენ, ხოლო ხორციელ ბუნებას_ მეორეს. სხეული იყო ბოროტი ძალა, რასთანაც სულს უნდა ებრძოლა და გათავისუფლებულიყო. თუ კატარები თავდაპირველად თვლიდნენ რომ ღმერთმა შექმნა სამყარო, მოგვიანებით სამყაროს,როგორც ცოდვების საუფლოს შექმნა სატანას მიაწერეს, ღმერთი კი მხოლოდ სულიერების გამგებლად მიიჩნიეს. თუ ჰკითხავდით, საიდან გაჩნდნენ სულები დედამიწაზე, ადამიანის სხეულებში, ისინი ერთ მითს მოგიყვებოდნენ, რომლის შინაარსიც დაახლოებით ასეთია: როდესაც ღმერთმა სატანა დედამიწაზე ჩამოაგდო, მან სხვა ანგელოზებიც აცდუნა და ქვევით ჩაიტყუა.ეს ანგელოზები არიან ადამიანების სულები. კატარებს რეინკარნაციის სჯეროდათ და ფიქრობდნენ,რომ ადამიანის ცხოვრების მიზანი მათი სულების, ანუ ამ ანგელოზების,ისევ ზეცაში დაბრუნება უნდა ყოფილიყო, ამისთვის კი სუფთად და უბრალოდ უნდა ეცხოვრათ.უბრალო ცხოვრებაში ისინი მკაცრ ასკეტურ პირობებს გულისხმობდნენ.
კატარები მკვეთრად განასხვავებდნენ მიმდევრებს შორის „მორწმუნეებსა“ და „სრულყოფილთ“. სწორედ ეს უკანასკნელნი მისდევდნენ ასკეტურ ცხოვრებას[6][2]. მათი რაოდენობა მცირე იყო, კატარიზმის აყვავების პერიოდში არაუმეტეს 7-8 ათასი კაცისა. ეს გაასაკვირი არაა. მათი ცხოვრების წესი მკაცრად უარყოფდა ყველაფერ მიწიერს და ფიზიკურად ძალიან ძლიერებსაც კი საგრძნობლად ერყეოდათ ჯანმრთელობა.ზოგჯერ სიკვდილის პირამდეც კი მიდიოდნენ, თუმცა ამ სახით და ზოგადად, თვითმკვლელობა დანაშაული კიარა, სულის ხსნის საშუალება იყო.[1] მიუხედავად ამისა ადამიანის და ცხოველის მოკვლა უმძიმეს დანაშაულად ითვლებოდა.სწორედ ამიტომ ისინი ვეგეტარიანელები იყვნენ და უმეტესად მხოლოდ წყლითა და პურით არსებობდნენ. გარდა ამისა, „სრულყოფილებს“სასტიკად ეკრძალებოდათ ტყუილი,ყოველგვარი ძალადობა და ნებისმიერი სახის კონფლიქტურ სიტუაციაში მონაწილეობის მიღება[2].
„მორწმუნე“ კატარებს ზოგჯერ უბრალოდ ქრისტიანებადაც მოიხსენიებდნენ. ისინი დრუიდების[4] მსგავსად ტყეებსა და გამოქვაბულებში ცხოვრობდნენ და უმეტეს დროს ღმრთისმსახურებაში ატარებდნენ. „სრულყოფილებისგან“ განსხვავებით, აქტიურად ებრძოდნენ ინკვიზიციას, ამხელდნენ კათოლიკე სასულიერო პირების ბიწიერებას,გამოდიოდნენ ფეოდალური ჩაგვრის წინააღმდეგ და ა.შ მაგრამ არ ივიწყებდნენ იმ პრინციპს, რომ ყველა მათი საქციელი სიკეთეს უნდა მომსახურებოდა და სულიერ განწმენდას.
გასხივოსნება,რომლისკენაც კატარები მიისწრაფვოდნენ, არ მიიღწეოდა ლოცვით, არამედ საკუთარი ძალებით, სულის გახსნით ერთადერთი ღმერთისთვის და მასთან ინდივიდუალური ურთიერთობით, ყოველგვარი შუამავლების გარეშე. ამიტომ არ აღიარებდნენ არც ეკლესიის იერარქიას და არც სამლოცველო შენობას. ისინი ტაძარს სატანის სინაგოგას ადარებდნენ, ხოლო ყველა საეკლესიო საიდუმლოში მხოლოდ ადამიანის გონების დახშობის და სულის შებოჭვის საშუალებას ხედავდნენ,რომელიც უფლისაკენ მიმავალი ჭეშმარიტი გზიდან აშორებდათ. ხატები და ჯვრები უბრალო ნივთებად მიაჩნდათ,მათში არანაირი სიწმინდე არ იყო და ვერ დაეხმარებოდნენ ადამიანს გასხივოსნებაში, ჯვარი მათთვის საწამებელ მოწყობილობად ითვლებოდა და რადგან იესოს ჯვარცმა ღმერთის სურვილით არ მომხდარა, ვერ იქნებოდა ღირებული ნივთი. ასევე არ აღიარებდნენ ნაკურთხი წყლის ძალას, უბრალო წყალი ვერ დაეხმარებოდა მათ ცოდვების ჩამორეცხვაში, ვერც ინდულგენციები განწმენდნენ ადამიანს, მითუმეტეს მკრეხელობად მიაჩნდათ სულიერი სისუფთავის ფულით ყიდვა. ნათლობა მათთვის უსარგებლო იყო,რადგან ჩვილ ბავშვებისთვის ეს არაფერს ნიშნავდა და არც მომავალი ცოდვებისგან იცავდა მათ[1].
არსად ქრისტიანობა და დუალიზმი ისე არ განსხვავდება ერთმანეთისაგან,როგორც იესოს შეფასებისას. კატარებისთვის ის ღმერთის შვილი კიარა, ადამიანის შვილია და მისი მისია,დააბრუნოს დაცემული ანგელოზები_ადამიანთა სულები_ზეცაში, ისეთივე უმნიშვნელოა,როგორც მისი არსი: ის მხოლოდ წინასწარმეტყველია და არა გადამრჩენელი[2].
მკვლევარებს მიაჩნიათ,რომ ასეთი უცნაური შეხედულებების და მთლიანად ახალი რელიგიური საზოგადოების ჩამოყალიბების უკან ძველი საიდუმლო ტექსტები იდგა. თუმცა ვფიქრობ, ეს მხოლოდ ინკვიზიციის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალება იყო. შუა საუკუნეებში ახალი რელიგიური მოძრაობების ინტენსიური გაჩენა განაპირობა კათოლიკური ეკლესიის დაუფარავმა მკრეხელობამ,ძალაუფლების ცუდად გამოყენებამ და რელიგიის სურვილისამებრ გარდაქმნამ. ხალხში ჭეშმარიტი რწმენის ძიების აუცილებლობა გაჩნდა და რაც უფრო საგრძნობი იყო ზეწოლა პაპის ტირანიის მხრიდან, მით მეტი რადიკალური სექტა ჩნდებოდა,რომლებიც მაშინვე ერესებად ირაცხებოდა. ამიტომ ძნელია იმსჯელო რომელიმე სექტის,მათ შორის კატარების იდეოლოგიის შესახებ,როდესაც ძალიან მცირე რაოდენობით წერილობითი დოკუმენტია შემორჩენილი და უამრავი ურთიერთგამომრიცხავი მითქმა-მოთქმა. კათოლიკე თეოლოგები საუკუნეების მანძილზე კამათობდნენ კატარების ქრისტიანობა-ერეტიკოსობის შესახებ და რადგან რომის გავლენა დიდია, შეიძლება ითქვას,რომ ოფიციალური კათოლიკური პოზიციაც მათ ერეტიკოსობას ემხრობა,მიუხედავად იმისა რომ თვითონ კატარები ქრისტიანებად მოიხსენიებდნენ საკუთარ თავს. სიმართლის დადგენა ძნელია, თუმცა მაქსიმალურად შევეცადე მომეყვანა მხოლოდ ის ფაქტები რომლებიც სარწმუნო და რეალურ წყაროებს ეყრდნობოდა და სიმართლესთან ახლოს უნდა ყოფილიყო.
გამოყენებული მასალა:
[1] Лин фон Паль _“Тайные общества: тамплиеры,
розенкрейцеры, масоны, иллюминаты”,”Сова”,2007(გვ.53-63)
[2] Рене Нелли _ “Катары_ святые еретики”,
“Вече”,2005 (გვ.66,89,340,352)
[3] http://genocide.ru/lib/genocides/cathars.htm
[4]
http://en.wikipedia.org/wiki/Catharism
[5]
http://www.cathar.info
[6]
http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=16&t=107